Powered By Blogger

Saturday, December 18, 2010

პოსტმოდერნიზმი ხელოვნებაში

პოსტმოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე“, post “შემდეგი“) XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობა.
პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმის პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულ გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.
თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის. თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ყოველივე ავტოკომენტირებაშიც გადადის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვლადიმირ ნაბოკოვის „ფერმკრთალი ალი“, სადაც ერთდროულად მოცემულია პოეტური მონათხრობი და ამ მონათხრობის კომენტარი, რითაც მიიღწევა ე.წ. დისტანციაციის ეფექტი. პოსტმოდერნისტული ნაწარმოები ხშირად წარმოდგენილია როგორც ჰეტეროკლიტური ელემენტების კოლაჟი ყოველგვარი ჰარმონიის გარეშე. მაგ. ირლანდიელი ფლენ ო’ბრაიენის რომანი At swim-two-birds, სადაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები: ვესტერნი, შუასაუკუნის ეპოპეა, ზღაპარი და ვოდევილი. მართალია, კოლაჟს ამგვარი ფორმით მოდერნიზმიც იყენებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში იგი გამოყენებულია რეალობის სირთულის აღსაქმელად, პოსტმოდერნიზმში კი კონტრასტისა და დისტანციაციის ეფექტის მისაღწევად. პოსტმოდერნიზმი შლის იერარქიას ელიტარულ და პოპულარულ კულტურას შორის, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ხელოვნებისა და რეკლამის შერწყმა.

Tuesday, December 14, 2010

პოსტმოდერნიზმი ხელოვნებაში

ეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სრულიად განსაზღვრული სტილია, რომელსაც ზოგჯერ გვიანდელ მოდერნს მიაკუთვნებენ, ხოლო როდესაც საუბარია პოსტმოდერნზე, იგულისხმება არა რაღაც ვიწრო სტილისტური მიმდინარეობა, არამედ ისტორიული ვითარება, სიტუაცია, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია ჩვენი იდეები, შეხედულებები, გეოგრაფიული მდებარეობა, გემოვნება, ასაკი თუ სქესი. ამდენად, თუ პოსტმოდერნიზმი მიეკუთვნება უპირატესად კულტურას, პოსტმოდერნი – ისტორიას, პოსტმოდერნიზმი სუბიექტურია, ხოლო პოსტმოდერნი ობიექტურად ჩამოყალიბებული ვითარებაა. ამ ახალი პოსტმოდერნული ეპოქის ჩამოყალიბება სათავეს იღებს XX საუკუნის სამოციანი წლებიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა მასობრივ სტუდენტურ გამოსვლებს ევროპის, და არა მარტო ევროპის, ბევრ ქვეყანაში. სტუდენტები აუჯანყდნენ არაეფექტურ მოძველებულ პოლიტიკურ, სოციალურ რეჟიმს. შესაცვლელი გახდა არა მარტო პოლიტიკა, არამედ საერთოდ მოდერნისტული არსებობის წესი, მიდგომები, პრიორიტეტები. თავისი უფლებებისთვის და თვითდამკვიდრებისთვის მოგვიანებით გამოვიდნენ ქალები, სექსუალური უმცირესობები. პოსტმოდერნის ეპოქისადმი არაერთგვაროვანი მიდგომაა. იურგენ ჰაბერმასი მიიჩნევს, რომ პოსტმოდერნი – ეს არის დაუმთავრებელი მოდერნი. დღეისთვის, მისი აზრით, მოდერნმა თავის პიკს მიაღწია და არ შეიძლება ლაპარაკი სრულიად ახალ და განსხვავებულ პარადიგმაზე. ნიუ ეიდჟიც უარყოფს პოსტმოდერნისტული ეპოქის არსებობას